გზების დეპარტამენტი სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს
3 დეკემბერი 2019საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სტაჟირების გავლას სთავაზობს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრებს, ასევე - მაგისტრებს.
სტაჟირების გასავლელად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კანდიდატთა შესარჩევად უკვე ითანამშრომლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ამ ეტაპზე, შერჩეულია 12 კანდიდატი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან საპროექტო, მაგისტრალური პროექტების მართვის, დასავლეთ საქართველოს საბიუჯეტო პროექტების მართვის, საგზაო რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების სამსახურებში.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სფეროში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, კვალიფიკაცია გაიზარდოს. ზაფხულიდან კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებთან დავიწყეთ გაცნობითი ხასიათის თანამშრომლობა, დღეიდან კი იწყება ახალი ეტაპი - სტაჟირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გზების დეპარტამენტის გამოცდილი თანამშრომლებისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე და თავადაც ჩაერთონ სამუშაო პროცესში. სტაჟირების დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს შევთავაზებთ დასაქმებას დეპარტამენტში. მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ ინიციატივას სამინისტროს ყველა სტრუქტურა შეუერთდეს და მსგავსი პილოტური პროექტი ჩვენს დაქვემდებარებულ სხვა სამსახურებშიც განვახორციელოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულთან ერთად, კანდიდატები გაივლიან სწავლების თეორიულ კურსსაც. კერძოდ, დეპარტამენტის დარგის სპეციალისტები მათ ცოდნას გაუზიარებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო გზების საქმიანობის სფერო და ფუნქციები, საგზაო უსაფრთხოება, საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის პროექტების მართვა, ნაპირდაცვითი ღონისძიებები, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების მშენებლობის მართვა და მონიტორინგი.
საწყის ეტაპზე, სტაჟირება 3 თვე გაგრძელდება, ხოლო პროგრამის ხელმძღვანელების შეფასებისა და სტაჟორთა სურვილის გათვალისწინებით, დაიგეგმება შემდგომი ეტაპები.
საპროექტო-სამშენებლო მიმართულებების გარდა, დეპარტამენტი გეგმავს, სტაჟორები შეარჩიოს შესყიდვების, ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხების, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებებით.